მიმდინარე კვირაში, იუსტიციის სამინისტროში, მინისტრთან არსებული კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე სპეციალიზებული ჯგუფი შეიქმნება, რომლის ერთ-ერთი პირველი განსახილველი თემა არბიტრაჟის ინსტიტუტის რეფორმა იქნება.
როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო არბიტრაჟის რეფორმაზე აქტიურად იმუშავებს და საკანონმდებლო ორგანოში შეჯერებულ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულების და საქმეების განხილვის მოთხოვნაზე საქართველოში, ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი არბიტრაჟს აკისრია, რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარებისათვის და ბიზნესმენების ცივილიზებული ურთიერთობისთვის აუცილებელია. არბიტრაჟის პროცედურების რეფორმა და არბიტრაჟის ინსტიტუტის რეფორმა საქართველოში მნიშვნელოვანია. ჩვენ იუსტიციის სამინისტრო მზად ვართ წავიყვანოთ საკანონმდებლო რეფორმის პროცესი, ყველა დაინტერესებული ორგანიზმის ჩართულობით, იქნება ეს ბიზნესმენთა ასოციაცია თუ სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მიმდინარე კვირაში, ჩემივე ბრძანებით ვგეგმავ, შევქმნა მინისტრთან არსებული კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი, და ვიწვევ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის არბიტრაჟის თემაზე იმუშაონ ჩვენთან ერთად, რათა პარლამენტის წინაშე ერთიანი, შეჯერებული და ქვეყნისთვის სასიკეთო პოზიციით წარვდგეთ"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ევროპის საარბიტრაჟო პალატის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "არბიტრაჟის პერსპექტივები საქართველოში; არბიტრაჟის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო კონვენციების შესრულება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში" - დაესწრო.
აღნიშნული კონფერენციის მიზანი კი საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის მიმოხილვა და მისი განვითარების შემაფერხებელ პრობლემებზე მსჯელობა იყო.