რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჩრდილოელი მეზობლისგან შავი ზღვის რეგიონში საქართველოს საზღვრებთან გამართული მასშტაბური წვრთნები მოულოდნელი არაა.
როგორც მან აღნიშნა, ეს აშკარად არ არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული წვრთნები, თუმცა ჯობდა, რომ გაეფრთხილებინა საქართველო.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველო კი არა, ნატო-ც არ გააფრთხილა.
"ამ შემთხვევაში, ჩვენ არა ვართ ყველაზე უფრო დაზარალებული მხარე ამ მიმართულებით. როგორც ჩანს რუსეთმა მოინდომა ძალის დემონსტრირება და ისეთი პარტნიორების, როგორიცაა ნატოა და როგორც თურქეთია ნატო-ს წამყვანი სახელმწიფო, ისინიც კი არ ჩააყენა საქმის კურსში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, პუტინს სურს ერთი მხრივ, თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს და მეორე მხრივ, სოჭის ოლიმპიადას ვუახლოვდებით და ბუნებრივია, მას აინტერესებს რამდენად საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს ჯარი.
რუსული წვრთნების შეუთანხმებლად დაწყების ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააპროტესტა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს სცდებოდ, რომელიც შესაბამისობაშია ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ვენის 2011 წლის დოკუმენტთან.