რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევასა და "კანონდარღვევის წაქეზებაში" ადანაშაულებს. ასე უპასუხა რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებას, რომელიც რუსეთში არსებული არაკომერციული ორგანიზაციების შემოწმების საკითხს უკავშირდებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღინიშნა, რომ ზოგი არაკომერციული ორგანიზაციის დაფინანსება შუამავლების მეშვეობით გაგრძელდება.
"სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მოქმედი ზოგი არაკომერციული ორგანიზაციის დაფინანსებას მესამე ქვეყნებში არსებული შუამვლების მეშვეობით, რუსეთის კანონმდებლობის გვერდის ავლით, გააგრძელებს, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევად ვაფასებთ", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსნადრე ლუკაშევიჩის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ვიქტორია ნულანდის ზოგიერთი გამონათქვამი "ცინიკურია" და ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია "არაადეკვატური".