2012 წლის მეორე ნახევარში, წინა წლებისგან განსხვავებით, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი შემცირებული იყო როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე წლის პირველ ნახევართან შედარებით. IV კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 351.1 მლნ აშშ დოლარი (583.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით ნაკლებია.
წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 51.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 19.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული 3.0 პროცენტით მეტია 2011 წლის IV კვარტალთან შედარებით.
მომსახურების ბალანსი ტრადიციულად დადებითი იყო და 303.0 მლნ აშშ დოლარს (503.1 მლნ ლარს) შეადგენდა. აქედან, მომსახურების ექსპორტი 656.4 მლნ აშშ დოლარია (1.1 მლრდ ლარი), რაც 27.8 პროცენტით მეტია 2011 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი - 353.4 მლნ აშშ დოლარი (587.0 მლნ ლარი) - 4.6 პროცენტით მეტი წინა წლის IV კვარტალთან შედარებით.
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (288.2 მლნ აშშ დოლარი ანუ 478.6 მლნ ლარი), რომელიც 2012 წლის IV კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.8 პროცენტით გაიზარდა.
შემოსავლის ბალანსმა 2012 წლის IV კვარტალში 5.9 მლნ აშშ დოლარი (9.8 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 306.0 მლნ აშშ დოლარი (508.2 მლნ ლარი) 49.3 პროცენტით მეტია 2011 წლის IV კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 300.1 მლნ აშშ დოლარი (498.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია და 436.9 მლნ აშშ დოლარს (725.6 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტია. აქედან, 469.7 მლნ აშშ დოლარი (780.1 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 32.9 მლნ აშშ დოლარი (54.6 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2012 წლის IV კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტით, ხოლო სხვა სექტორებისა - 9.5 პროცენტით გაიზარდა.
კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ 2012 წლის IV კვარტალში 64.2 მლნ აშშ დოლარი (106.7 მლნ ლარი) შეადგინა.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წლის IV კვარტალში 107.6 მლნ აშშ დოლარს (178.6 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 181.0 მლნ აშშ დოლარს (300.6 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც 40.1 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში შეადგინა 152.6 მლნ აშშ დოლარი (253.5 მლნ ლარი), რეინვესტირებულმა შემოსავალმა 55.7 მლნ აშშ დოლარი (92.6 მლნ ლარი), ხოლო სხვა კაპიტალმა -27.4 მლნ აშშ დოლარი (-45.4 მლნ ლარი).
პორტფელის ინვესტიციების სალდომ -7.8 მლნ აშშ დოლარი (-13.0 მლნ ლარი) შეადგინა. საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მლნ აშშ დოლარის (2.3 მლნ ლარი) პორტფელის ინვესტიცია, ხოლო ვალდებულებები შემცირდა 9.2 მლნ აშშ დოლარით (15.3 მლნ ლარი). ვალდებულებების კლება განაპირობა სამთავრობო ევრობონდებზე დარიცხული სარგებელის დაფარვამ 9.6 მლნ აშშ დოლარით (15.9 მლნ ლარი) და სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ნომინალის დაფარვამ 4,6 მლნ აშშ დოლარით (7,7 მლნ ლარი).
სხვა ინვესტიციების სალდო 2012 წლის IV კვარტალში 125.9 მლნ აშშ დოლარს (209.0 მლნ ლარს) შეადგენს. კვარტალის განმავლობაში აქტივები შემცირდა74.3 მლნ აშშ დოლარით (123.5 მლნ ლარით), რაც ძირითადად დეპოზიტების შემცირებით იყო განპირობებული; ხოლო ვალდებულებები 51.5 მლნ აშშ დოლარით (85.6 მლნ ლარით) გაიზარდა. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდის 55.7 პროცენტი მოდიოდა კერძო სექტორზე, ხოლო დანარჩენი (44.3 პროცენტი) სახელმწიფო სეტორზე.
სარეზერვო აქტივები 2012 წლის IV კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 50.9 მლნ აშშ დოლარით (84.5 მლნ ლარით) შემცირდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2012 წლის 3.7 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.