საერთაშორისო სავაჭროი პალატა მერსერის ცხოვრების ხარისხის მსოფლიო რეიტინგში, საქართველოს პოზიციით უკაყოფილოა. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის მიერ ჯულიო ა. პორტალატინსისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ის კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, როგორც თბილისის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენელი, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება აღნიშნულ რეიტინგის შედეგებს. ფადი ასლი ჯულიო ა. პორტალატინს უცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ICC-ს მე-8 მსოფლიო პალატების კონგრესზეც გაჟღერდება, რათა ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, ამ კვლევებს სიფრთხილით მოეკიდოს.
"გწერთ, რათა უკმაყოფილება გამოვხატოთ ცხოვრების ხარისხის თქვენს მიერ შედგენილ მსოფლიო რეიტინგთან დაკავშირებით, რომელშიც თბილისი მოათავსეთ 213-ე ადგილზე; აღნიშნული რეიტინგი ნამდვილად არ ასახავს რეალობას და სერიოზულ ეჭვებს იწვევს თქვენი კვლევის დამაჯერებლობასთან დაკავშირებით.
2006 და 2008 წლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველო დაასახელა პირველ რეფორმატორად მსოფლიოში. ქვეყანა კვლავ უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას და ლიბერალურ და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკას. მემკვიდრეობის ფონდმა საქართველო 21-ე ადგილზე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში, ხოლო 2012 წელს, IFC-მ გაზარდა საქართველოს რეიტინგი „ბიზნესის კეთების სიმარტივეში" 3 პუნქტით, რამაც საქართველოს მიანიჭა მე-9 პოზიცია მსოფლიოს ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში. 2010 წელს, საერთაშორისო აზრის კვლევის ბიზნეს ორგანიზაციამ (GORBI) ჩაატარა კვლევა დანაშაულთან დაკავშირებით, რის შედეგადაც საქართველომ მიიღო 11.1 საშუალო დაზარალების ქულა, როდესაც გერმანიის შემთხვევაში, აღნიშნული ქულა 43.1 შეადგენს.
გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რის შედეგადაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. აღნიშნული მოვლენა პრეცედენტს აწესებს მსოფლიოს ამ ნაწილში.
თბილისში ცოცხალი სოციალური გარემოა, რაც გასართობი საშუალებების ფართო არჩევანს იძლევა. ამას ადასტურებს იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც თბილისში ჩამოდიან, რათა ისიამოვნონ აქ მოქმედი უამრავი ბრწყინვალე რესტორნით, კულტურის ძეგლებით, ღამის კლუბებით, თეატრებით და კაფეებით. 2012 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა უდრიდა ამავე ქვეყნის მოსახლეობის ოდენობას.
საავადმყოფოების და კლინიკების პრივატიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დასავლეთიდან, სამედიცინო მკურნალობას თბილისში გადის. მრავალ ექიმს აქვს დასავლური განათლება და კლინიკათა უმრავლესობა აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. გარდა ამისა, იმ უცხოელებს, ვისაც თბილისში დაბინავება სურთ, შვილების განათლებისთვის შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ასზე მეტი კერძო სკოლას შორის. ბევრი მათგანი სთავაზობს სწავლებას ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე.
შარშან საქართველოს მთავრობამ შექმნა ახალი საჯარო მომსახურების სახლი, სადაც, ერთ შენობაში, მოქალაქეს შეუძლია რამდენიმე წუთში დაარეგისტრიროს საკუთრება, ბიზნესი, აიღოს პირადობის მოწმობა, მიიღოს ვიზის გაგრძელება და განახორციელოს ისეთი ბიუროკრატიული პროცედურები, რომელთა დასრულებაც ქვეყნების უმრავლესობაში, რამდენიმე დღეს ან კვირას მოითხოვს. თბილისს ემსახურება უმთავრესი საჰაერო ხაზების დიდი რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ ფრენებს უმთავრეს აეროპორტებში, საიდანაც მარტივია კავშირი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან.
ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, არსებობს არჩევანი თანამედროვე მეტროს, ავტობუსებსა და ტაქსებს შორის, რომელთა ტარიფებიც შესაძლოა ყველაზე დაბალია მთელს კონტინენტზე.
საქართველო პატარა ქვეყანაა და თბილისის მდებარეობა ცენტრალურია. გუდაურის სათხილამურო მთებამდე მისასვლელად, მხოლოდ ორ საათზე ოდნავ მეტია საჭირო, ხოლო შავ ზღვამდე ნახევარი საათის გზაა თვითმფრინავით. ორი საათის სავალზე, აღმოსავლეთით, მდებარეობს ღვინის რეგიონი კახეთი, სადაც ყვავის ღვინის ტურიზმის ინდუსტრია. თბილისის მომხმარებლებს არასოდეს ჰქონიათ უფრო დიდი არჩევანის შესაძლებლობა. ჰიპერმარკეტები „გუდვილი" და „კარფური" უზრუნველყოფენ დასავლური პროდუქციის მიწოდებას, სავაჭრო ცენტრები კი ქართველებს უახლესი მოდის ტენდენციებს სთავაზობენ. გარდა ამისა, კერძო საკურიერო კომპანიებმა ქართველებს გაუხსნეს ინტერნეტის შოპინგ-ბაზარი და უფასო ინტერნეტი მუდმივად ხელმისაწვდომია ქალაქის ნებისმიერ წერტილში.
ეს ნამდვილად ის თბილისია, რომელიც თქვენმა თანამშრომლებმა 213-ე პოზიციაზე განათავსეს? თქვენს თანამშრომლებს ოდესმე ფეხი დაუდგამთ თბილისში? ეჭვი გვეპარება.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, თბილისში მხოლოდ ზრდა და გაუმჯობესება მიმდინარეობდა და სხვადასხვა ასპექტში, თბილისი უსწრებს თქვენს კვლევაში მოხსენიებული მრავალი დასავლური ქალაქის სტანდარტებს, თუმცა თქვენი რეიტინგი მას განათავსებს მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქალაქებს შორის. ამ ყველაფრის დასაგვირგვინებლად, ამ თვის დასაწყისში, CNN-მა შეაფასა თქვენი კვლევა და ხაზი გაუსვა თბილისის რეიტინგს, როგორც მსოფლიოს ყველაზე უარესი ქალაქების ათეულიდან ერთერთს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, როგორც თბილისის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენელი, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება თქვენს რეიტინგს და სერიოზული კითხვები გააჩნია ამდენად უსამართლო 213-ე პოზიციის უკან არსებული თქვენს მოტივაციასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დამასკოს, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფ და ტერორისტული აქტების საფრთხის წინაშე მდგომ ქალაქს მიანიჭეთ 197 პოზიცია.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა შედგება ასობის ათასი ბიზნესისგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ზოგიერთი მათგანი თქვენი კლიენტია. გარწმუნებთ, რომ ჩვენ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად გავიტანთ ICC-ს მე-8 მსოფლიო პალატების კონგრესზე, რომელიც გაიმართება დოჰაში აპრილის ბოლოს, რათა გავაფრთხილოთ ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, თქვენს კვლევებს მოეკიდონ სიფრთხილით, თავშეკავებით და მეტისმეტი ნდობის გარეშე"- ნათქვამია ფადი ასლის წერილში.