ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მხარს არ უჭერს რუსეთისა და ალიანსის ხელმძღვანელობის ქვეშ ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას.
"არამგონია ეს ეფექტური იყოს", _ განაცხადა რასმუსენმა ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მისივე თქმით, აუცილებელია ორი განცალკევებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა, რომლებიც საერთო საფრთხეების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
"დღეისათვის ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა მოითხოვს, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ აგოს პასუხი. სცადეთ და კითხეთ რუსებს, სურთ თუ არა მათ, რომ მათ და მათი ტერიტორიების უსაფრთხოებაზე ნატო იყოს პასუხისმგებელი. მიმაჩნია, რომ უმრავლესობა იტყვის: არა, ეს რუსეთის ფედერაციის პასუხიმგებლობაა", _ განაცხადა რასმუსენმა.
ამას გარდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსი არ აპირებს სირიაში შეჭრას და არ არის დაინტერესებული არქტიკის მილიტარიზაციით.
თავის მხრივ, ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად მოითხოვს იურიდიულად სავალდებულო გარანტიების გაფორმებას იმის შესახებ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემa მისი ბირთვული პოტენციალის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება.