განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ხელმძღვანელობას ავტორიზაციის მინიჭებას ულოცავს.
როგორც მან აღნიშნა, სასწავლებლის ადმინისტრაცია კანონს დაემორჩილა და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები დღესითვის უკვე გამოსწორებულია.
"მე მინდა მივულოცო აგრარულს. ის არის უკეთესი უნივერსიტეტი დღეს - კანონის ფარგლებში მოქცეული. ბენდუქიძეს მინდა მივულოცო პირადად, უკეთესი მოქალაქე გახდა და კანონის დამორჩილება სრულიადაც არ ყოფილა მძიმე. სტუდენტებს მინდა მივულოცო, მათ უკვე ექნებათ კანონიერი უფლება - დაიცვან ის სტუდენტები, ვისაც აქამდე უკანონო შიდა განაწესის საფუძველზე, ჰქონდათ უფლება მათი დაჩაგვრის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მას მოსწონს, როდესაც ყველა კანონს ემორჩილება და ამის შემდეგ უკეთესი ქვეყანა და უკეთესი სისტემაა.
ავტორიზაცის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა. განათლების ხარისხის მართვის ცენტრში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ყველა პროგრამას აკრედიტებულ რეჟიმში შეუძლია გააგრძელოს ფუნქციონირება.
უნივერსიტეტის მოთხოვნით, მას განესაზღვრა მოცულობა 4 ათასი სტუდენტით, აქედან 250 - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დანარჩენი კი - აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე.