ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება მზადაა გარკვეული რეკომენდაციევბიც გაითვალისწინოს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის მიზანია, ამ სფეროში სიტუაციის მოწესრიგება კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებით.
აღნიშნული საკითხის გარშემო ფინანსთა სამინისტრო კონსულტაციებს მართავს საგადასახადო ომბუდსმენთან, სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსთან". ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიური მუშაობის რეჟიმში გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები და შენიშვნები, იმისთვის, რათა მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება - კვლავ არ მოხდეს ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება, ქვეყანაში არ დაირღვეს ფისკალური წესრიგი და ყველა კომპანიამ დააკმაყოფილოს აღნიშნულ სფეროში მუშაობისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტები"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.