დღეს, 24 მარტს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის „GASA"-ს თასის გათამაშებას უმასპინძლებს.
„GASA"-ს თასი ტრადიციულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ თამაშდება და ამჯერად მისი მოპოვებისთვის ქართველ მრბოლელებთან ერთად რუსი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
წრიული რბოლა 13:00 საათზე დაიწყება და 3 კლასში ჩატარდება. ესენია - ძარიანი ავტომობილები, „ფორმულა ალფა" და „ლეგენდსი". საგანგებოდ ამ შეჯიბრში მონაწილეობისათვის რუსეთიდან 4 მრბოლელი ჩამოვიდა, მათ შორისაა ვიქტორ შაიტარი და რუსეთის კარტინგებისა და ფორმულის კლასის სხვა ჩემპიონები.
„ეს იქნება ერთგვარი გახურება ოფიციალური ჩემპიონატის და ზოგადად საავტომობილო შეჯიბრებების სეზონის დაქოქვამდე, რომელიც წელს იქნება ყველაზე აზარტული და საინტერესო, რადგანაც ვგეგმავთ სამი ავტომობილის გათამაშებას და ეს ამბიციური განაცხადი საკმაოდ წამახალისებელი გარემოება იქნება ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის" - აცხადებს ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
მევლუდ მელაძე დარწმუნებულია, რომ ავტოდრომზე მოსული მაყურებელი დაძაბულ და საინტერესო ასპარეზობას იხილავს, მით უფრო რომ ავტოდრომზე დამონტაჟებული გრანდიოზული ეკრანის და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით შესაძლებელია რბოლოს ნებისმიერი მონაკვეთის თვალყურის დევნა ონ-ლაინ რეჟიმში.
მისი ინფორმაციით, საავტომობილო სპორტის სეზონი წლეულს ყველაზე დატვირთული იქნება. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოვება და 2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის გამოქვეყნება.
რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მასში, მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერ განხორციელოებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „რუსთავის სართაშორისო ავტოდრომი" ამიერკავკასიის ერთადერთი პროფესიონალური ავტოდრომია, რომელიც FIA (საერთასორისო საავტომობილო ფედერაციის გრეიდ 2) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, რაც შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში გარდა „ფორმულა 1"-სა.
მასალის გამოყენების პირობები