ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს მოხდა, მას შემდეგ, რაც მან თურქეთს ბოდიში მოუხადა "ნებისმიერი შეცდომისათვის, რომელსაც შესაძლოა ადამიანების სიკვდილი გამოეწვია" ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ თურქული ფლოტილიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 2010 წელს, რომელსაც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჟებ ტაიიპ ერდოღანთან საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრაგიკული შეცდომები გამიზნულად არ ყოფილა დაშვებული. მან ასევე სინანული გამოხატა თურქეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო. მან ასევე გარდაცვლილთა ოჯახებისათვის კომპენსაციის გადახდის პირობა დადო.
ეს საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით გაიმართა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ისრაელმა ღაზას სექტორში მიმავალი ე.წ. მშვიდობის ფლოტილია არ გაატარა და მათ შემოწმებისათვის გაჩერება მოსთხოვა. ფლოტილიამ ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ გემებზე მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი იყო და არა იარაღი. აღნიშნულის გამო მომხდარ ინციდენტს ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.