ბედუინებმა ტყვედ ორი ტურისტი სინაის ნახევარკუნძულის ეგვიპტის ნაწილიდან გაიტაცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
შეიარაღებულმა ადამიანებმა ავტომობილს გზა გადაუღობეს, სადაც ბელგიის მოქალაქე ქალი და მისი თანამგზავრი, ისრაელის მოქალაქე, ეროვნებით არაბი მამაკაცი იმყოფებოდნენ, ტურისტები აიძულეს გადმოსულიყვნენ მანქანიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
უცხოელების გატაცება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი მანქანით კურორტ ტაბადან ისრაელის საზღვრისკენ, დახაბში მიემგზავრებოდნენ, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მედიის ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებისაგან ნათესავების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ციხეში ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით სხედან.
უკანასკნელ პერიოდში, ეგვიპტეში ეს მძევლების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. მარტის დასაწყისში ბედუინებმა მეუღლეთა წყვილი გაიტაცეს, რომლებიც დასასვენებლად დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. ინციდენტი საკურორტო ქალაქ რას სადრში მოხდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მძევლები გაათავისუფლეს.
რთული პოლიტიკური ვითარების გამო, დიპლომატები ურჩევენ ტურისტებს, რომ თავი შეიკავონ ისეთ ქალაქებში სტუმრობისაგან, როგორებიცაა: ქაირო, ალექსანდრია, ასიუტი, ისლამია, ტაბა, პორტ-საიდი, სუეცი, სოხატი და სხვა, ასევე ჩრდილოეთ სინაის რეგიონი.