"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ორივე მხრიდან ზომიერი მიდგომები შედგა.
როგორც მან "მაესტროს" პრესკლუბში აღნიშნა, ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესები ჯერ არ დასრულებულა, რადგან წინ კიდევ მესამე მოსმენით განხილვაა.
მისი თქმით, მესამე მოსმენის შემდეგ, ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა უნდა დაძლიოს.
"ვის რა ინტერესი ჰქონდა ამ პროცესში? "ქართულ ოცნებაში" იყო ალბათ ის ზომიერი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ფორმით, მაგრამ მთავარია შედეგი დადგეს და შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნული დანიშვნის შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, შესრულებულია", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" რადიკალური ხედვებიც იყო, რომლის მიზანი არა მარტო ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, არამედ მოწინააღმდეგის მაქსიმალური დაზიანება იყო.
ვეფხვაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში, მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ ისე მიღება იყო, რომ "ნაცმოძრაობიდან" დეპუტატების ნაწილი გადასულიყო და ცვლილებებისთვის ხმა მიეცა. მისივე თქმით, ეს მიზანი ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.
"ნაციონალურ მოძრაობის" რადიკალური მიდგომა შეიძლება ყოფილიყო, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო და დამოკლეს მახვილივით უნდა ჰქონოდა მთავრობას პრეზიდენტისგან მისი დათხოვნისა და მერე უკვე მოვალეობის შემსრულებლად იმის დანიშვნის შესაძლებლობა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, მეორე, უფრო ზომიერი მიდგომა მათი მხრიდა იქნებოდა, რომ ისინი პროცესში შესულიყვნენ და გადაწყვეტილება სახის შენარჩუნებით მიღებულიყო.
"ვფიქრობ, აქ ეს ზომიერი მიდგომა შესრულდა. ორივე მხრიდან რადიკალური ხედვები გამოირიცხა და ზომიერი მიდგომა შედგა. ამ შემთხვევაში, თვითონ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა კონტექსტიდან ამოვარდნილი. იმიტომ, რომ მისი გამოსვლა ტელევიზიით, აგრესიული რიტორიკა პირდაპირ საწინააღმდეგო იყო იმისა, რაც პარლამენტში მოხდა", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მეტ-ნაკლებად ზომიერი ადამიანები თავისთავად, მეტ-ნაკლებად დისტანცირებას ახდენენ რადიკალი მიხეილ სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც კონსტრუქციულ ოპოზიციაში "ნაცმოძრაობა" წარმოუდგენელი და მიუღებელია.