ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი წლის გოგიტა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩვილი კლინიკაში უშუალოდ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მოათავსეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მედიკოსებმა პაციენტი საკვებზე ჯერ ვერ გადაიყვანეს, რადგან მას ნაწლავური პრობლემები აღენიშნება.
"ნაწლავებში პრობლემა ჰქონია და მედიკოსები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვერ გადაიტანს საკვების მიღებასო. ბავშვი ემერჯინსის განყოფილებაშია მოთვსებული და ინტენსიურ მკურნალობას გადის. რაღაც შედეგი არის რა თქმა უნდა", - განაცხადეს პრესსამსახურში.
მათივე თქმით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამასთან, ისინი არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებენ.
"ოჯახის დაუდევრობის გამო, ერთ-ერთ ბავშვს არ აქვს პირადი ნომერი მინიჭებული. საუბარია უფროს შვილზე, რომელიც 6 წლისაა. ამის გამო, მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს", - აცხადებენ გამგეობის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ხელვაჩაურის გამგეობისა და საკრებულოსთვის მათი პრობლემის შესახებ ცნობილი არ იყო, შესაბამისად, გამგეობამ მათი დახმარება აქამდე ვერ შეძლო.
პრესსამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, აბაშიძეების ოჯახს გამგეობამ ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარება უკვე გამოუყო.
გოგიტა აბაშიძე საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მოათავსეს. მედიკოსები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, თუმცა დაზუსტებულია, რომ პაციენტის მდგომარეობა ხშირად შიმშილობამ და ამის გამო ორგანიზმის დასუსტებამ გამოიწვია.