აჭარის მთავრობა ექსკლუზიური შესყიდვების უფლებას ითხოვს. საქართველოს პარლამენტი უკვე იხილავს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", რომლის მიხედვითაც, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილება გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობასაც ენიჭება.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ბიუჯეტებით ხორციელდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების დაფინანსება, რომელთა შეუფერხებლად განხორციელებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა.
რიგ შემთხვევებში პროექტის განხორციელებისათვისა და დასახული მიზნის
მისაღწევად აუცილებელია მისი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება, რასაც ზღუდავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. მოქმედი კანონით მხოლოდ დროებით არის დარეგულირებული აღნიშნული საკითხი"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილების უვადოდ მინიჭება, მომავალში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.