პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი უპირობოდ უნდა დაეჭირა. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ითქვას ცვლილებებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის შედეგის იურიდიულად გაფორმება დასრულდა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ თავისი პროგრამის და დაპირებების შესრულება დაიწყოს.
"არა მგონია, რომ ასეთი წინადადებით შესვლა მათთვის უფრო მისაღები იყოს. მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან როგორ იქნება წარმოჩინებული ეს წინადადება, თუმცა არსებობს მეორე მხარეც და ამაზეც ითქვა, რომ შესაძლოა, არსებული სიტუაცია გამოყენებულ იქნეს პოზიტიური მხრითაც, ოღონდ არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ქვეყნის გარეთ როგორც კოაბიტაციის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება", - განაცხადა ძაბირაძემ.
მისი თქმით, მთავრობისთვის სარეიტინგო კენჭისყრის შეთავაზება მოულოდნელი იყო.
საქართველსო პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გვიან ღამით გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" იმდენი წევრის მხარდაჭერა ექნება, რამდენიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური უმრავლესობისთვის დასჭირდება.
საჭირო ხმების დასადგენად კი, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ე.წ სარეიტინგო კენჭისყრას სთავაზობს.