ძლიერი ქარის გამო დაზიანებული, 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია და გათიშულ აბონენტებს ელეტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგათ. "16:05 საათზე "თელასის" საავარიო სამსახურმა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად ყველა ობიექტს ელეტროენერგიის მიწოდება აღუდგა, მათ შოირის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტს და 23 800 აბონენტს"- განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სს „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის გამო დღეს დილის 7 საათზე დაზიანდა სს „თელასის" კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან ქვესადგურებს „დიღომი-1" და „დიღომი-2".
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს. სულ გაითიშა 23 800 აბონენტი - მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის დიღომში მდებარე საავადმყოფოები, ტელეკომპანია „იმედი", საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია, ამერიკის საელჩო.
თუმც 16:05 საათიდან ელეტროენერგის მიწოდება აღდგენილია.