ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია.
როგორც მან აღნიშნა, აქ მთავარი კითხა რაც უნდა შეფასდეს არის ის, უნივერსიტეტს ავტორიზაცია სწორად გაუუქმდა თუ არა.
"ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არის საბჭოს გადაწყვეტილება სანახავი. საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე სწორი, სამართლებრივი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისი თქმით, საია-ს უნივერსიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოთხოვილი აქვს, შესაბამისად, საკითხის შესწავლის შემდეგ საზოგადოებას ასოციაციის პოზიციას გააცნობენ.
განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტში ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია და მას ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება.
ამასთან, უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია კი არ უნდა მიენიჭოს, არამედ უნდა აღუდგეს.