საპარლამენტო უმცირსეობის წევრი გიგი წერეთელი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში, პროცესებიდან გამომდინარე მიიღებს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საუბრები საზოგადოებისთვის უკვე მომაბეზრებელი გახდა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობას უმრავლესობასთან ძალიან მკაფიო შეთავაზება ჰქონდა, რომელიც რამდენიმე პრინციპულ საკითხს ეხებოდა.
"ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების გათვალისწინება ორივესთვის კარგი იქნება კონსტიტუციის ცვლილებების დროს. ჯერჯერობით ამაზე მკაფიო პასუხი არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დასრულდეს ამაზე ლაპარაკი, დასრულდეს სპეკულაციები იმაზე, რომ ეს არის ახლა ერთადერთი რამ. ჩვენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ჯერ კიდევ 2010 წელს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წერეთელმა.
მისი თქმით, მათ დასვეს საკითხი, რომ სხვა მუხლები, რომლებიც ასევე ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, ერთ პაკეტში ამოქმედდეს ახლა.
"რაც გულიხმობდა 3/4-ს კონსტიტუციური ცვლილებების და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ახლა ალბათ კოალიციას კიდევ ექნება კონსულტაციები. დაიწყება განხილვა. განხილვები გვაჩვენებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩვენც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს ეს საკითხი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა - ხელის გადაწევის პოლიტიკით კი არ იმოქმედოს, არამედ ის, რაც გასათვალისწინებელია და რაც ქვეყანას სჭირდება გაითვალისწინოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 22 მარტს უყრის კენჭს.