საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვირუსების მეშვეობით მოსმენები არ ხორციელდება.
როგორც მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, თუ განცხადება ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდს და ამ დროის შემდგომ მოსმენებს შეეხებოდა, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ამ მხრივ პროკურატურაში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობდა.
"თუკი ასეთ ინფორმაციას ის ფლობს, რასაკვირველია, მაშინ ამაზე შეიძლება გამოძიების დაწყება და ვალდებული ვართ კიდევაც დავიწყოთ გამოძიება. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი რამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ ხდებოდა", - განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებამდე პერიოდს, კბილაშვილის თქმით, კუდ-ში ვირუსის არსებობის შესახებ საზოგადოებას მათ ამცნეს და ამის გამო მაშინ 12 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში.
ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას საფრანგენთში კომპიუტერის მეშვეობით უსმენდნენ.
მისი თქმით, მოსმენები თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გაგზავნილი ვირუსებით, უწყების ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ხდებოდა, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული.