სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.