მცხეთის იუსტიციის სახლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძემ მცხეთის იუსტიციის სახლის სამშენებლო ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მალე, პროექტის და მშენებლობის სტანდარტების შესწავლის დასრულებისთანავე განახლდება და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ვარჩიეთ ჯერ შეგვესწავლა მშენებლობა, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომლებიც უკვე აშენებულ იუსტიციის სახლებში გაგვაჩნია. ბევრგან პრობლემა წარმოიქმნა კონდიცირების, ვენტილაციისა თუ გათბობის კუთხით და ამ შეცდომების გამოსწორება ახლა გვიწევს. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მცხეთაში იუსტიციის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს საფუძველი არ გააჩნია და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც მისი მშენებლობა დასრულდება. უმთავრესია საზოგადოებამ მიიღოს მყარი, ტექნიკურად გამართული შენობა, რაც მშენებლობის დაჩქარებული ტემპების პირობებში შეუძლებელია,"-განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მისივე განცხადებით,არ იგეგმება ცვლილების შეტანა მცხეთის იუსტიციის სახლისპროექტსა და დიზაინში, თუ ეს უკიდურესი სამშენებლო მოთხოვნით არ იქნება განპირობებული.
მასალის გამოყენების პირობები