სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, პალატის მიზანია ამ ისნტიტუციის სახით, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ქართული ბიზნესის სახლი, სადაც თითოეული ქართული კომპანია მისთვის საჭირო სერვისის მიღებას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. შეხვედრაზე კახა ბაინდურაშვილმა ბიზნესმენებს პალატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო.
"ჩვენ შევეცადეთ გასულ პერიოდში ძალიან აქტიური ურთიერთობა გვქონოდა ბიზნესმენებთან, რათა გაგვეგო ის პრობლემები და ბარიერები, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ბიზნესმენებს გააჩნიათ. ამის შემდეგ გავეცანით ევროპულ მაგალითებს და მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატა. ახალ სიახლეებს შორის აღსანიშნავია პალატის არბიტრაჟის ამოქმედება, კომპანიების რეგისტრაციის წარმოება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნეს ინკუბატორების ჩამოყალიბება და სხვა. ამავე დროს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზადაა ბიზნესთან ერთად აქტიური დიალოგი აწარმოოს საქართველოს მთავრობასთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ქართული ბიზნეს სექტორისა და პოზიციების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის" -განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ პალატა უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ ორგანიზაციად, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დიალოგში მედიატორის როლს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრას ესწრებოდა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიზნესის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.