ყოფილ პატიმარ გოდერძი ჯოლოხავას დაცვა დაენიშნება_ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ობიექტივის" დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პატიმრის ცემას მის ინტერვიუს უკავშირებს, რომელიც ,,ობიექტივს" მისცა.
ინაშვილის განცხადებით, ინტერვიუში ჯოლოხავა ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, დეპუტატ დავით საყვარელიძეს, ოლეგ ფაცაციას და სხვა პირებს პატიმრების ცემისა თუ წამების დამკვეთებად ასახელებს.
"ამ ინტერვიუს შემდეგ იყო საშიშროება, რომ ჯოლოხავას პრობლემები შეექმნებოდა ინტერვიუში დასახელებული პირების დაახლოებულ პირთა წრიდან. ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დასანიშნად პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველა ეჭვმიტანილი დაპატიმრებული იყო. ორი დღის წინ მოხდა ისე, რომ გოდერძი ჯოლოხავას სახლთან დახვდნენ და სცემეს. ისიც უთხრეს, რომ ენას თუ არ გააჩერებდა, ოჯახს შეეხებოდნენ. ჩვენ ცემის ფაქტს სწორედ ამ ინტერვიუს ვუკავშირებთ. ახლა გოდერძი კლინიკაშია და მკურნალობა უტარდება",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილის განმარტებით, ყოფილ პატიმარ გოდერძი ჯოლოხავას ორი დღის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.