თემთა პალატის წევრი შოტლანდიის ოლქიდან, ფოლკერკ ერიკ ჯოისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას მოწყობილი ჩხუბის შემდეგ დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი" ავრცელებს.
ინციდენტი გვიან საღამოს, ბრიტანეთის პარლამენტის ბარში, კარაოკე-საღამოზე მოხდა, სადაც 52 წლის დეპუტატი, თავის თანაშემწეებთან ერთად, ნასვამი გამოცხადდა. ჯოისს საღამოს ერთ-ერთ მონაწილესთან მოუხდა კონფლიქტი.
როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, ჯოისის მოწინააღმდეგე უკვე ქუჩაში იყო, თუმცა დეპუტატი მას გაეკიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა გააგრძელა. პოლიციელებს სხვა გზა აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ ჩხუბისთავი კანონმდებელი მიწაზე დაეწვინათ და ხელბორკილები დაედოთ. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ფაქტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
ჯოისი ადრე ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენდა, თუმცა ადრე მომხდარი ანალოგიური ინციდენტის შემდეგ, ის პარტიიდან გარიცხეს და მას მერე დამოუკიდებელი დეპუტატია. 2012 წლის თებერვალში, ასევე პარლამენტის შენობაში, მან კონსერვატიული პარტიის ორი წევრი და კიდევ სხვა ორი პოლიტიკოსი სცემა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამისათვის, ჯოისს მაშინ 3 ათასი ფუნტი სტერლინგის ჯარიმა დააკისრეს და სამი თვის განმავლობაში ბარებსა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში გამოჩენა, ასევე, საღამოობით და შაბათ-კვირას სახლიდან გამოსვლა აუკრძალეს, ხოლო 2010 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ, დეპუტატს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.
მასალის გამოყენების პირობები