თბილისის მერმა გიგი უგულავამ ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რაიონის ახალი გამგებელი თორნიკე ხუციშვილი წარუდგინა.
"ისანისა და სამგორის რაიონი დაიყო. ისნის რაიონს სხვა სპეციფიკა აქვს. მასში შედის, როგორც კერძო დასახლებები, ისე კორპუსული ტიპის დასახლებები. ისანი საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი პრობლემის მქონე რაიონია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე დაგვეყო რაიონები და ბიუჯეტიც განაწილებული იქნება ისე, რომ გამგეობამ მაქსიმალურად ბევრი პრობლემის მოგვარება შეძლოს და მოქალაქეს არ დასჭირდეს მერიისთვის მიმართვა. ამ შემთხვევაში მერიას ზედამხედველის ფუნქცია დაეკისრება, ის გააკონტროლებს რამდენად ოპერატიულად, სწორედ და ადეკვატურად რეაგირებს გამგეობა კონკრეტულ რაიონში. მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ის აქამდე მუშაობდა მერიაში, ხელმძღვანელობდა ახალგაზრულ დეპარტამენტს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ახალი ადამიანის წარმოჩენა, რომელიც უფრო მეტი ყურადღებით მოისმენს ყველა პრობლემას. ის ამ უბანში ცხოვრობს, იცნობს რაიონს და ახლა კიდევ უფრო მეტს გაიგებს. მთავარია რომ იაროს, შეხვდეს ხალხს, დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში. გამგებლის მთავარი საქმე არის ის, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება რაიონში არსებულ პრობლემებზე"- განაცხადა გიგი უგულავამ