14-15 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროგრამის ,,ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა" ფარგლებში ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემა ქალთა გაძლიერება და ამ საკითხში მთავრობების როლის გაზრდაა.
გენდერული თანასწორობის თემასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 2000 წელს შეიმუშავა რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ დოკუმენტით პირველად გაეროს უშიშროების საბჭომ დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს საკითხად დააყენა შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა საკითხებისა და მდგომარეობის გათვალისწინება, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, ქალთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი თანამონაწილეობა მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესებში.
კონფერენციის მთავარი სპიკერები არიან მისი აღმატებულება, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი; გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და საქართველოს, ყირგიზეთის ტაჯიკეთისა და პაკისტანის მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლები.