აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასლან აბაშიძის ქონებასთან დაკავშირებით, თამაზ ბაკურიძის მიერ გაკეთებულ განცხადება ეხმიანება. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის უფლებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა, ყველა ღონისძიება გატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 და 14 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ჩამორთმეული იქნა ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული უკანონო, დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. დღეისათვის აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონების გარკვეული ნაწილი პრივატიზაციის შედეგად წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და გადაცემულია სხვადასხვა უწყებების სარგებლობაში. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის უფლებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა, ყველა ღონისძიება გატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მარტს, ადამიანის უფლებათა დამცველმა თამაზ ბაკურიძემ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ასლან აბაშიძისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლევან ვარშალომიძემ, გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა პირადად განკარგეს. თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ არის საფრთხე აღნიშნული ქონება ახალმა ხელისუფლებამ გადაიბაროს. ბაკურაძე ამბობს, რომ ქონების ამოღების მიზნით, საზოგადოების წევრებით დაკომპლექტებული კომისია უნდა შეიქმნას.