ხვალ, 14 მარტს 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღსანიშნავად მოეწყობა თბილისში გამოცემული ჩერქეზული თემატიკის წიგნების გამოფენა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „ჩერქეზული გზამკვლევის" პრეზენტაცია. სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე შესრულებული ეს ნაშრომი გამოსაცემად მომზადდა ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ. მდიდარი და მრავალფეროვანი ფოტომასალით დასურათებული ინფორმაციული გზამკვლევი საშუალებას იძლევა გაიცნოთ ჩერქეზეთი, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და თანამედროვეობა.
პრეზენტაციას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ჩერქეზული რესპუბლიკებიდან, თბილისის ჩერქეზული საზოგადოება, კულტურის მოღვაწეები, პროფესორები, სტუდენტები, სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ჩერქეზული კულტურის ცენტრი და საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.