მეცნიერები, როგორც ჩანს, უახლოვდებიან კითხვაზე პასუხს, იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე. გრუნტის ნაწილების ქიმიურმა ანალიზმა, რომელიც აპარატ Curiosity-ის მეშვეობით განხორციელდა, დაადგინა, რომ რამდენიმე მილიონის წლის წინ, წითელ პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა. ამის შესახებ „ნასას" საიტი იუწყება.
„Curiosity-ის ძირითადი მისიაა გაარკვიოს, არის თუ არა მარსი ცხოვრებისთვის გამოსადეგი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სრული დარწმუნებით, რომ კი!" - განაცხადა „ნასას" მარსის პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მაიკლ მეიერმა. მტკიცებულებების სახით, მეცნიერმა ის ფაქტი მოიყვანა, რომ მარსმავალმა მარსზე აზოტის, წყალბადის, ნახშირბადის და სხვა სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ელემენტების კვალი აღმოაჩინა.
ასევე, იმასაც იუწყებიან, რომ Curiosity-მ მარსის ზედაპირზე დიდი რაოდენობით თიხის მინერალები აღმოაჩინა, რომელიც მხოლოდ მტკნარი წყლის ურთიერთმოქმედებით ყალიბდება. უახლოეს მომავალში, აპარატი პლანეტაზე ახალ საბურღ სამუშაოებს ჩაატარებს, ოდესღაც აქ სიცოცხლის არსებობის შესახებ ახალი მტკიცებულებების მისაღებად.
Curiosity-მ მარსის ბურღვა თებერვლის დასაწყისში, სპეციალური საბურღი აპარატის მეშვეობით დაიწყო. ოპერაცია ჰეილის კრატერში იქნა დაწყებული, სადაც, როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ, მეტი შანსი იყო სიცოცხლის კვალის საპოვნელად. ერთი კვირის შემდეგ, „ნასამ" განაცხადა, რომ აპარატმა გრუნტის სინჯები აიღო.
მარსმავალმა წითელ პლანეტას 2012 წლის 6 აგვისტოს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ მისი მისია დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდება. მარსის პროგრამა „ნასას" 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა.