შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.