საქართველო ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მიიღებს მოინაწილეობას. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია დღეს საღამოს გაემგზავრება.
დელეგაციაში სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, ქართველი მწერლები, და „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის'' წევრები შედიან.
წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ლაიფციგში 14-17 მარტს გაიმართება. ღონისძიებაზე ეროვნული სტენდით საქართველო უკვე მეორედ წარსდგება.
ღონისძიებები როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში გაიმართება, სადაც 7 ავტორის - ზაზა ბურჭულაძის, დათო ტურაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ნინო ხარატიშვილის, თამთა მელაშვილის, ეკატერინე ტოგონიძის და ბონდო მაცაბერიძის 7 ლიტერატურული საღამო შედგება.
წიგნის ბაზრობაზე ლაიფციგის წიგნის ბაზრობის დირექტორ ოლივერ ცილესთან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტ ტობიას ვოსთან გურამ ოდიშარიასა და ქართული დელაგაციის ოფიციალური შეხვედრებია დაგეგმილი.