15 აპრილიდან „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობის" პროექტი ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრეინინგ-ცენტრი, რომელიც დევნილებს უფასო მომსახურებას გაუწევს. ჯგუფურ შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყოფს იმ უარყოფითი შედეგების დაძლევას, რომელიც თან ახლავს ომისა და დევნილობის შედეგად განვითარებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა სახის ტრეინინგებში, რომლის მიზანია მათი ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ტრავმის, ემოციური დისკომფორტის დაძლევა, სოციალური და პიროვნული ზრდის, ფსიქოგანათლებისა და სოციალური აქტივობის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
• თვითშეფასების ამაღლება, თვითდარწმუნებულობის განვითარება;
• კონფლიქტების მოგვარება;
• სტრესთან გამკლავების უნარ-ჩვევები/სტრატეგია;
• ოჯახში ძალადობის პრობლემა და მისგან დაცვა;
• ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, ეფექტური აღზრდის უნარ-ჩვევები;
ასევე, განიხილება ის საკითხები, რომლითაც თავად მონაწილეები დაინტერესდებიან.
ჯგუფური ტრენინგების/მუშაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 23 21 02
აღნიშნული პროექტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილე ქალბატონ ნინო ჭავჭავაძის და არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი" თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მას ასევე, მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ფსიქოლოგიურ დახმარებასა და რეაბილიტაციას.
მასალის გამოყენების პირობები