განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათლების კომიტეტი ჯერჯერობით არ სწავლობს.
მისი თქმით, საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყება, რაც კომიტეტს თავად აგრარული უნივერსიტეტიდან მიმართავენ.
"განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დახურვას არ ნიშნავს. მათ ხარვეზების აღმოფხვრა და ავტორიზაციაზე განაცხადის ხელახლა შეტანა შეუძლიათ. ასე ხდება ყველა უნივერსიტეტთან დაკავშირებით და აქ არავითრი პოლიტიკური ნიშანი არ იკვეთება", - განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, როგორც ყველა უმაღლესი განათლების დაწესებულებას, აგრარულ უნივერისტეტს ხელახალი ავტორიზაციისთვის გარკვეული ვადა ეძლევა, რის შემდეგადაც მათ ავტორიზაციის გავლა კვლავ შეეძლება.
"განათლების კომიტეტი კომისიის წევრი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონმდებლები ვართ და ზედამხედველობას ვუწევთ მათ. აღმასრულებლებმა უნდა დაასაბუთონ გადაწყვეტილება და ასაბუთებენ კიდეც", - აღნიშნა ქანთარიამ.
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ დღეს გამთენიისას, 9-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.