რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ვატიკანში, ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან. გამოკვეთილი ფავორიტი, ჯერჯერობით, არ არსებობს - წერს „ბი-ბი-სი".
თავდაპირველად, 115 კარდინალი, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, სპეციალურ მესას ჩაატარებენ, შემდეგ კი სიქსტის კაპელაში შეიკრიბებიან, სადაც საღამოს პირველი კენჭისყრა ჩატარდება.
ორშაბათს, ვატიკანში, კარდინალებმა ფინალური შეკრება გამართეს ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებით. დისკუსია კი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნების პროცესში, გამოყენებულ ბიულეტენებს დაწვავენ, ხოლო კვამლი, რომელიც საკვამური მილიდან ამოვა, შავი თუ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პაპი ჯერ არჩეული არ არის.
ოთხშაბათიდან მოყოლებული, ყოველ დღე, ორ-ორი კენჭისყრა ჩატარდება, ბიულეტენები ყოველ საღამოს, ექვს საათზე დაიწვება, იქამდე, ვიდრე ერთ-ერთი კანდიდატი 77 ხმას არ მოაგროვებს. მხოლოდ ამის შემდეგ ამოვა საკვამური მილიდან თეთრი კვამლი, რაც რომის პაპის არჩევას ამცნობს მსოფლიოს.