ვაშინგტონის შტატში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეკიპაჟის სამივე წევრი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. დაღუპულთა გვამები უკვე ნაპოვნია, თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება.
მზვერავი თვითმფრინავი E/A-6B Prowler სოფლის მიდამოებში ჩამოვარდა და ფერმერების მინდორზე დაეცა. კატასტროფის ადგილას კრატერი გაჩნდა, ხოლო გარშემო მცენარეები მთლიანად გაშავდნენ. თვითმფრინავის კორპუსი თითქმის მთლიანად განადგურდა.
სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც კუნძულ უიდბიზე განთავსებულ სამხედრო-საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა, სავარჯიშო ფრენების დროს ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი უცნობია. E/A-6B Prowler დაზვერვითი სამუშაოებისთვის და რადიოელექტრონული ბრძოლისთვისაც გამოიყენება - ის მოწინააღმდეგის რადარებს ახშობს და რადიოგადაცემის შეწყვეტას განაპირობებს.