ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი ინფარქტით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშეითედ პრესი" გენრალ ხოსე ორნელის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტოს გენერალმა განუცხადა, უკანასკნელ დღეებში ჩავესს ლაპარაკის საშუალება წაერთვა, თუმცა, ტუჩების მოძრაობით შეძლო გამოეთქვა ერთი წინადადება: „არ მსურს სიკვდილი. გთხოვთ, არ მომცეთ სიკვდილის საშუალება". ორნელის აზრით, ჩავესს სურდა ეთქვა, რომ მან თავისი სიცოცხლე ქვეყანას შესწირა და ის ვენესუელას სჭირდებოდა.
ორნელი ჩავესის დაცვის უფროსი იყო და მან ქვეყნის პრეზიდენტთან ბოლო ორი წელი გაატარა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი ძალიან წუხდა თავისი ავადმყოფობის გამო. 2011 წელს, როცა მას კიბო დაუდგინეს, მკურნალობას საუკეთესო ექიმებთან გადიოდა, თუმცა, გენერალმა ვერ თქვა, კონკრეტულად კიბოს რა ფორმა სჭირდა ჩავესს.
ვენესუელის პრეზიდენტი 5 მარტის საღამოს გარდაიცვალა. ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ჩავესის კუბოს, გამოსამშვიდობებლად, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი მიჰყვებოდა. ამის შემდეგ კუბო სამხედრო აკადემიაში დაასვენეს. ვენესუელის პრეზიდენტს 8 მარტს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები