აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტი ვაკანტურია. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია.
"გვსურს დავაზუსტოთ ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამდივნოში პირადად დატოვა. აჭარის მთავრობის აპარატის კანცელარიაში აღნიშნული განცხადება 2013 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა. განცხადებაში მითითებულია, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამა წლის 4 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი თავართქილაძის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ #26-ე ბრძანებით დააკმაყოფილა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გიორგი თავართქილაძეს თავად მთავრობის თავმჯდომარემ აცნობა. ამავე დღეს ბრძანება გადაიგზავნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაში და შესაბამისად, მათ მიერაც მოხდა ყოფილი მინისტრის ინფორმირება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ"- ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს გიორგი თავართქილაძემ აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას არანაირი განცხადება არ დაუწერია და შესაბამისად არც თანამდებობიდანაა განთავისუფლებული.