„ნატახტარის ლიმონათს" ახალი ლოგო და შეფუთვა აქვს. სიახლე ქართველი მომხმარებლებისათვის კვირის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ექსპორტზე ლიმონათი ახალი შეფუთვით მხოლოდ 1,5 თვის მერე გამოჩნდება. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა, "ნატახტარის ლიმონათის" მომხმარებელი სიახლეს ითხოვდა და კომპანიის მენეჯმენტს უფლება არ ქონდა მომხმარებლის მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა. თორნიკე ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ "ნატახტარის ლიმონათი" არის ელჩი საექსპორტო ბაზრებზე, რადგანაც ჯერ შედის ლიმონათი და ამის შემდეგ შედის ამ ბაზრებზე ლუდი. ლიმონათის შეფუთვის რედიზაინს დაახლოებით 10 თვე დასჭირდა.
"ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი მომხმარებელი შეფუთვის შეცვლას ითხოვდა. შედეგად ჩვენ გავაკეთეთ რედიზაინია და ლიმონათის ბოთლი საკმაოდ მოხერხებული გახდა. პროექტის ფარგლებში ბოთლის დიზაინთან ერთად შეიცვალა ეტიკეტის ლოგოც. ლოგოსა და ბოთლის ახალი დიზაინის შემუშავებაში, ერთ-ერთი უცხოური დიზაინ სააგენტო მუშაობდა. თუ რა დაგვიჯდა ლიმონათის ბოთლის რედიზაინი ვერ გეტყვით, თუმც ვიტყვი, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა. ბოთლის შემუშავება იყო საკმაოდ რთული და შედეგად მივიღეთ ექსკლუზიური ბოთლი, რაზეც დიზაინ სააგენტო და ბოთლის მწარმოებელი ერთობლივად მუშაობდა"- განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
"ნატახტარის" მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ბოთლის შეფუთვის შემდეგ გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება.
"ახალი ბოთლისა და ლოგოს ბაზარზე გამოშვების შემდეგ ვფიქრობთ, რომ გაყიდები საკმაოდ მალე გაიზრდება და ჩადებულ ინვესტიციასაც მალე ამოვიღებთ"- აცხადებს ნიკოლაიშვილი.
კომპანიის 2012 წლის მონაცემებით „ნატახტარის ლიმონათის" ექსპორტი 33 %-ით გაიზარდა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საექსპორტო მონაცემები 2011 წელსაც (2010-თან შედარებით) იგივე მაჩვენებლით გაიზარდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ლიმონათის ექსპორტი სტაბილურად მზარდია.
კვლევები ადასტურებს, რომ საექსპორტო ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში, „ნატახტარის ლიმონათი" სუფრის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. „ნატახტარის ლიმონათის" საზღვარგარეთ გატანა 2006 წლიდან ხორციელდება. 2012 წელს ნატახტარის ლიმონათის ექსპორტი პერმანენტულად მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხდებოდა.