დღეს, 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დოქტორ ვოლფგანგ ჰერმანი მოაწერენ ხელს.
სამეცნიერო თანამშრომლობა გულისხმობს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, კვლევით პროექტებზე ერთობლივ მუშაობას. ხელშეკრულების თანახმად სტუდენტები განათლებას სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ, მათ შორის პარტნიორ უნივერსიტეტში არსებული პრიორიტეტული სფეროების მიხედვით.
ორი უმაღლესი სასწავლებელი ძირითადად კვლევით პროექტებზე იქნება ორიენტირებული, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხის კვლევითი საქმიანობით. ფაკულტეტების პარალელურად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მრავალი კვლევითი ინსტიტუტი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების მიღებას.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 1968 წელს დაარსდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ეკონომიკურ სფეროებში წამყვანი უნივერსიტეტი, 2007 წლის მონაცემით, გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტად არის აღიარებული, მსოფლიოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის კი, ლიდერთა სიაში შედის.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან ნიკა გილაურთან და სამთავრობო სტრუქტურის სხვა წარმომადგენლებთან. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ დელეგაციის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს მოინახულებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.