საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე პარიზში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფან ლე ფოლის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ პარიზში „სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა 2013"-ს დაესწრება, რომელიც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
წელს გამოფენა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს და 40-ზე მეტ ქვეყანას მასპინძლობს. გამოფენა-გაყიდვა მრავალფეროვანია. წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის: ღვინო, რძის და ზღვის პროდუქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ბაღების ნიმუშები. 1964 წლიდან გამოფენის ფარგლებში ტარდება „ღვინის საერთო კონკურსი", რომელშიც მონაწილეობას იღებს 3 000-მდე ღვინის ექსპერტი და 5 000-მდე მწარმოებელი. 4 000-მდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი „სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო კონკურსს" გაივლის. კონკურსების ფარგლებში გაიცემა პრიზები და ჯილდოები.
გამოფენის მსვლელობისას ხორციელდება ფართომასშტაბიანი გაყიდვები 5 000 სავაჭრო წერტილიდან. წარმოდგენილ ქვეყნებს ეძლევათ საუკეთესო საშუალება თავიანთი ნაციონალური პროდუქცია დანარჩენ მსოფლიოს გააცნონ.
მასალის გამოყენების პირობები