ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, ბანკს 1992-93 წლებში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შესახებ მონაცემების მოთხოვნით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. წერილის საფუძველზე მოთხოვნილია კონკრეტულ პირთა ჩამონათვალი და სესხის ოდენობა, რომელიც ამ პირებზე გაიცა. როგორც სებ-ში განმარტავენ, ეს გახლავთ საიდუმლო ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალობაც დაცულია "სამოქალაქო კოდექსითა" და მისი გაცემა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.
"კონფიდენციალობის დაცვა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოსახლეობის ეროვნული ბანკისადმი და ზოგადად საბანკო სექტორის მიმართ ნდობას განაპირობებს. ეროვნული ბანკი მოქმედებს კანონის მიხედვით და იმავდროულად პასუხისმგებლობით ეკიდება საბანკო სექტორის მომხმარებელთა ინტერესებს"- განმარტავენ სებ-ში.
აღნიშნულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. იმ შემთხვევაში თუ იქნება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას მიაწოდოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მათთვის საჭირო მონაცემები.
ინფორმაციისთვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა დაჯილდოებული. ამდენად მის მიმართ პრეტენზია, ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა.