საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განხორცილებისათვის იყენებს „ინფლაციის თარგეთირების" რეჟიმს, რომელიც ყველაზე ეფექტიანი თანამედროვე მეთოდია. აღნიშნული რეჟიმის დროს მონეტარული პოლიტიკა რეაგირებს ინფლაციის პროგნოზზე, რადგან მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გარკვეული დროის შემდეგ აისახება ფასების დონეზე. შესაბამისად ინფლაციის პროგნოზსა და ბაზრის მონაწილეებთან მის კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, 2013 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად, გადავიდა კომუნიკაციის განახლებულ მეთოდებზე. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და პოლიტიკის ანალიზის მიწოდება საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს მათ მიერ სწორი მოლოდინების ფორმირება. ამ მიზნით გადაიხედა „ინფლაციის მიმოხილვის", როგორც მონეტარული პოლიტიკის ძირითად საკომუნიკაციო დოკუმენტის ფორმატი.
განახლებული „ინფლაციის მიმოხილვა" უფრო მეტადაა ფოკუსირებული მომავალ პროგნოზებსა და მათ ანალიზზე. მასში დეტალურადაა აღწერილი ინფლაციისა და მასზე მოქმედი ძირითადი პარამეტრების შეფასებები შემდგომი 4-6 კვარტლისთვის.
გარდა შინაარსისა, შეიცვალა „ინფლაციის მიმოხილვის" გამოქვეყნების ვადებიც. 2013 წლიდან მომოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მომდევნო თვეში. ამასთანავე, ყოველი გამოცემის შემდგომ გაიმართება პრეზენტაცია ანალიტიკოსებთან, სადაც წარდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ.
პირველი შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართა, რომელზეც ანალიტიკოსებს (ბანკებისა და კომპანიების წარმომადგენლებს) წარედგინათ განახლებული „ინფლაციის მიმოხილვა". აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასების დინამიკის ფორმირებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მაკროეკონომიკური მოდელის პროგნოზებსა და მის უკან მდგარ დაშვებებს, რომელიც წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების საფუძველს.
ანალიტიკოსებთან შეხვედრისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ „ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იქნება, თუმცა მას ეტაპობრივად დაუახლოვდება 2014 წლის მეორე ნახევრიდან. ამ პროგნოზებზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან დაახლოებას."
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=349
შემდეგი ინფლაციის მიმოხილვის გამოცემა და პერეზენტაცია დაგეგმილია 15 მაისს.