"გაგრა იყო ეპიცენტრი იმ ბარბაროსობისა და იმ შოკში ჩამგდები მოქმედებებისა რასაც აფხაზების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ყველაზე უკამათო ადგილია შერჩეული და მასზეა სწორედ იერიში მიტანილი და სწორედ იქ არის უარყოფილი აფხაზების მხრიდან ჩადენილი მოქმედებები", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშის ამბავი ლეგენდა. მისივე თქმით, ზაქარეიშვილისა და აფხაზური მხარის უნისონში საუბარი - ეს არის მზადება პროცედურისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით უნდა გატარდეს.
"შემთხვევითი როდია, რომ აფხაზებმა საუბარი გაგრიდან დაიწყეს. იმიტომ, რომ თუ გაგრაში არ დადასტურდა აფხაზების მოქმედება ქართული მხარის დახმარებით ეს ნიშნავს, რომ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რბილად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ცუდი რამ რაც ჩაუდენიათ აფხაზებს დადგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.
იმიტომ , რომ გაგრა იყო ეპიცენტრი იმ ბარბაროსობისა და შოკში ჩამგდები მოქმედებების რასაც აფხაზების მხრიდან ჰქონდა ადგილი. აღებულია ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე უკამათო ადგილი და სწორედ იქ არის უარყოფილი აფხაზების მხრიდან ჩადენილი მოქმედებები", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სარიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გაგრა არის ეპიცენტრი და თუ ამა თუ იმ გზით დადგინდა, რომ ეპიცენტრზე რა ხმებიც ვრცელდებოდა, მათ არაადამიანურ მოპყრობებზე ეს ყოფილა ზღაპარი და ეს ყოფილა ლეგენდა და მითი, "შესაბამისად ბევრად უფრო ადვილად შეიძენს მითის სტატუსს მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი სისასტიკე".
"და თუ ეს წარმატებით დასრულდება, მერწმუნეთ ამას შემდეგ მოყვება მეორე სერია - შეტევა აფხაზების მხრიდან ანუ ყველაფერი რაც ბრალდებოდა აფხაზებს თურმე აფხაზებს კი არა ქართველებს ჩაუდენიათ და ზაქარეიშვილისნაირებისგან კი თითის გაშვერა საკუთარი მოძმეებისკენ მოსალოდნელია.
რაც შეეხება აფხაზების ამ წამოწყებას და უნისონში მათთან ერთად ასეთ თანხმობას ეს სხვა არაფერია თუ არა მზადება ერთი ძალიან, რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნო პროცედურისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით უნდა გატარდეს", _ განაცხადა ირინა სარიშვილმა და ექსპერს მამუკა არეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა.
"ეს იყო ე.წ. სასიგნალო და ნიადაგის მოსასინჯი განცხადება. მოხდა და ხდება ისეთი ყოვლად წარმოუდგენელი აზრის მოსინჯვა საზოგადოებაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ფაქტობრივად და იურიდიულად აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ეს არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგმული ამ პროცესის როგორც ჩანს დაჩქარებულად ჩასატარებლად. აქ საუბარი იქნება პრინციპში რესპუბლიკური პარტიისათვის ახალზე არაფერზე, უბრალოდ სანამ რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაში იქნებოდა ეს იყო ერთი პარტიისა და კერძო პირების გამონათქვამები, რომელსაც სერიოზულ ყურადღებას სამწუხაროდ არავინ არ ვაქცევდით.
საუბარი რაც მათ მაშინ ჰქონდათ დღეს უკვე სავარაუდოდ, უფრო მკვეთრ და კმაყოფილ ფორმებში ექნებათ იმაზე რომ ჩამოყალიბდეს ე.წ. რამდენიმე ქართული სახელმწიფო. იმ გათვლით, რომ იმ სახელმწიფოში რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ - აქ ყველაფერი მოგვარებულია და ახლა ორი ახალი ქართული სახელმწიფოს პრობლემების მოგვარება დაგვრჩა მხოლოდ დღის წესრიგში", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სარიშვილი და აღნიშნავს, რომ ახლა ირონიისა და ცინიზმის დრო არ არის, ვინაიდან საქმე ძალიან სერიოზულ თემას ეხება.
" ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველამ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახით არის ის ერთადერთი ოპოზიცია, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ თვითონაც ამის გაკეთებას აპირებდა და ეს უნდა ყოფილიყო საფასური ნებისმიერი გამარჯვებულისა ამ არჩევნებში, ერთ ერთი საფასური რა თქმა უნდა.
რაც შეეხება პარლამენტს გარეთ მყოფ ძალებს, რომელთა მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ისინი ყველანაირად შეიკავებენ თავს ამ თემის საკამათოდ გამოტანისგან და თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმიტომ რომ მათაც ეს პრობლემა ექნებათ ზუსტად.
ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი დაბრკოლება არა გვაქვს რომ ამ თემაზე ვისაუბროთ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში ვართ მოქცეული როგორც წინა ასევე დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და არანაირი საშუალება იმისა, რომ ჩვენ ამ თემას იმ მასშტაბი მივცეთ რაც საჭიროა ხელის შესაშლელად არ გვაქვს", _ აცხადებს ირინა სარიშვილი და იმედს იტოვებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არ არმოჩნდება უმცირესი ნაწილიც კი, რომელიც "ამ საკენკს აკენკავს".
"იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაში არ აღმოჩნდება უმცირესი ნაწილიც კი თუ არ ჩავთვლით პოლიტიკოსებს რომლებიც შეგნებულად მოიქცევიან ასე რომელიც ამ საკენკს აკენკავს უკვე მერამდენედ.
აგვისტოს ომი სხვა არაფერი იყო თუ არა ლამაზად თუ უშნოდ გაფორმება აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ნაბიჯისა", _ აცხადებს ირინა სარიშვილი.