არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებას მოითხოვენ. ამ და სხვა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია" შექმნეს, რომელშიც ამ ეტაპისთვის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო", სს „იბერია რეფრეშმენტსი", შპს „აქვა გეო" და სს „წყალი მარგებელი" არიან გაერთიანებულნი. თუმც როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ასოციაციის წევრთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება, რადგანაც ასოციაცია მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან უკვე აწარმოებს.
ასოციაციის წევრთა განმარტებით, კომპანიების კოორდინირებული მუშაობა და თანამსრომლობა მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, როგორც გაერთიანების, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზაზე. ასოციაცია მზადაა ბიზნესში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიაწოდონ.
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწევენ შეთანხმებას, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კომპანიებისათვის და მათი მომხმარებლებისთვის იქნება მისაღები.
„აღნიშნული პრობლემა მტკივნეულია ასოციაცის ყველა წევრისათვის. ჩვენთვის პრობლემატურია სავალდებულო მარკირების გაუაზრებელი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა მოხდა, კანონი ჯერჯერობით ისევ ძალაშია. ასოციაციის წევრებს გვაქვს სურვილი, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. გადასაჭრელი პრობლემები ბევრია, თუნდაც სავაჭრო ქსელში და ასევე იხსნება რუსეთის ბაზარი.
ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დაწყებული გვაქვს, თუმც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კანონი 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარემო იყო მოუმზადებელი და ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით მოხდა ამ კანონის ამოქმედების გადავადება 1-ელ მარტამდე. ჯერჯერობით საკითხი გაურკვეველია, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ნორმის ამოქმედება არის მძიმე ტვირთი ჩვენი კომპანიისათვის და ასევე ჩვენს სეგმენტში მომუშავე კომპანიებისათვის"- განმარტავს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძე.
ლაღიძის განმარტებით, თუ კი არაფერი არ შეიცვალა და კომპანიებისათვის მარკირება სავალდებულო გახდა, მაშინ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წელიწადში 1,3 მლნ ლარის გადახდა მოუწევს, რაც კომპანიისათვის დაუგეგმავი ხარჯია.
შედარებით მცირე თანხის, წელიწადში 400 ათასი ლარის გადახდა მოუწევს „პეპსის" მწარმოებელ „იბერია რეფრეშმენტს". როგორც სს „იბერია რეფრეშმენტსის" კომერციული დირექტორი ლევან კასრაძე აცხადებს, პრობლემის მოგვარებაზე ასოციაცია ერთიანი ძალებით იმუშავებს, თუმც როგორც კასრაძე აცხადებს აღნიშნული პრობლემა უფრო ექსპორტიორ კომპანიებს ვნებს და ზოგადად წინა მთავრობის არგუმენტი, რომ ამ ქმედებით ფალსიფიკაცია მოისპობოდა, შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„პეპსი" მართალია მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა ორიენტირებული, თუმც „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის" სხვა წევრებისათვის, რომლებიც ექსპორტზეც არიან ორიენტირებული, მათვის ეს საკითხი და ზოგადად ამ პრობლემის მოგვარება მეტად მნიშვნელოვანია. ერთად მოქმედება უფრო ეფექტიანი იქნება, მით უმეტეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალა ერთობაშია.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობისას კოორდინაცია იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან ასევე კერძო სექტორთან. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი ასოციაციაა, რომელიც იმუშავებს ასოციაციის კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე"- აცხადებს ლევან კასრაძე.
კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სავალდებულო მარკირების პროცესის ამოქმედებას უარყოფითი ეკონომიკური ეფექტიც ექნება. მათი ინფორმაციით, ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღებას ცალსახად უარყოფითი ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება. ანუ, ახალი რეგულაციით გათვალისწინებული ელექტრონული მარკირების სისტემა, იმის გამო, რომ მისი მომსახურების საფასური კომპანიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ყველა შემთხვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე. პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც. მსგავსი ტიპის პროდუქციისთვის კი ფასების თუნდაც უმნიშვნელო ზრდა, მაშინვე იწვევს რეალიზაციის შემცირებას. ეს ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებასაც გამოიწვევს და საბოლო ჯამში გამოვა ისე, რომ კომპანიებს ნაკლები შემოსავალი გვექნება და ბიუჯეტშიც ნაკლებს შევიტანთ გადასახადების სახით. ანუ, ბიუჯეტს ფული მოაკლდება და თანხები წავა მხოლოდ შვეიცარიულ ფირმაში, რომელიც ამ ყველაფერს მოემსახურება. სახელმწიფოსთვის ეს კანონი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა იყოს მომგებიანი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SIC, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს.
ფალსიფიკაციასთან ბრძოლა - წინა ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი მარკირების შემოღების დროს ამ საკითხს უკავშირდებოდა. ერთი შეხედვით, უნიკალური კოდის დატანება შეიძლება ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ მექანიზმად აღვიქვათ და ვთქვათ, რომ ელექტრონული მარკირების შემდეგ ფალსიფიცირებული პროდუქტი ბაზარზე აღარ იარსებებს. თუმცა, აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. პირველი ის, რომ გამყალბებლები მწარმოებლების, ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას მწარმოებლის ტარას იყენებენ თავსახურს იყენებენ. შესაბამისად ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით. მეორე საკითხია თავად ფალსიფიკაციის მასშტაბები ჩვენს ქვეყანაში. მწარმოებელი კომპანიების განცხადებით,ფალსიფიკაციის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო და მაგალითად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა მეტ-ნაკლებად მასშტაბური შემთხვევა არაალკოჰოლური სასმელის გაყალბებისა, რომელიც რაიმე სერიოზულ ზიანს მოგვაყენებდა ჩვენ და სხვა მწარმოებლებს.
სახელმწიფო კონტროლის აუცილებლობა - ეს წინა ხელისუფლების მეორე არგუმენტი იყო. ზოგადად აღრიცხვიანობა და მკაცრი ფინანსური კონტროლი, საგადასახადო ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ კამათობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტი მონაცემები და რა თქმა უნდა, ყველაფერი ბოლომდე უნდა იყოს აღრიცხული. თუმცა, აქ მეთოდებზეა საუბარი. კომპანიები არ უნდა იხდიდნენ დამატებით იმაში თანხას, რომ სახელმწიფომ ისინი გააკონტროლოს. თან არ უნდა უხდიდნენ, იძულებითი წესით, უცხოურ კომპანიას. აღრიცხვის წარმოება სახელმწიფოს პრობლემაა და მისი საქმე და არა - უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების. თან აქ საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა საუბარი, რომელიც ქართულმა კომპანიებმა უნდა გადაიხადონ იმისათვის, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს. ამასთან, აღრიცხვის წარმოების უამრავი სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და იაფი საშუალება არსებობს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება დღეს საქართველოში და მწარმოებლები მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს სხვა სახის სისტემის დანერგვაში. ამასთან, აღრიცხვიანობის მოწესრიგების, მიზნით უკვე დაინერგა ელექტრონული ზედნადების და ა/ფ პროგრამა, რომელიც, წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვან კონტროლს.
კონსტიტუციის დარღვევა - მარკირების საკითხი შემოღებულ იქნა საკონსტიტუციო გარანტიის დარღვევით, ვინაიდან 2013 წლის ოქტომბრისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს მხოლოდ 5 სახის გადასახადი. ხოლო ახალი, მე-6 ტიპის გადასახადი - "არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება", შემოღებული საგადასახადო კოდექსის "აქციზი"-ს კარით, სინამდვილეში წარმოადგენს ახალ გადასახადს. თუ აქციზური საქონლის მწარმოებლებისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ამცირებს მათ დანახარჯებს. ჩვენთვის, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დროს, ეს დამატებითი გადასახადია, რადგან მარკირების საფასურზე გაწეული წლიური ხარჯი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენს მიერ გადახდილი ზოგიერთი გადასახადის ჯამი.
მსოფლიო პრაქტიკა - უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ, არც განვითარებად ქვეყნებში არ ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. მაროკოს შემთხვევაში, მაგალითად, ყველა ტიპის უალკოჰოლო სასმელს მაროკოს მეფე აწარმოებს და ელექტრონული მარკირების საშუალებით, უხეშად რომ ვთქვათ თავის ჩამოსხმულ პროდუქციას ითვლის. სხვა ქვეყნებში, სხვა მეთოდებით ხდება აღრიცხვისა და კონტროლის წარმოება სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ არის თან ამ ზომის ხარჯებთან დაკავშირებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ელექტრონული მარკირების ჩვენნაირი სისტემის შემოღება ალბანეთში დაბლოკა პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენები და იგივე ავსტრალიაში პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი.