სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ. "ნება მიბოძეთ, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტე. უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია . ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია.
მე მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა, არასოდეს დამიშვია, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია - მეტიც, ბევრი მიზეზი მქონდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებას ადგილი არ ჰქონდა. იმდენად დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგშიც ჩავედი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პერსპექტივასაც მივესალმე. ჩემთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ციხეების პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასი იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი.
მე უზომოდ ვწუხვარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიმსუბუქდება. ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინ იცის რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მზადდებოდა და ინახებოდა ეს კადრები.
ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ, რა ემოცია იყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი. იმავე დღეს ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე თანამდებობაზე დარჩენის არავითარი მორალური უფლება არ მქონდა. იმ ღამესვე ვთხოვე პრეზიდენტს გადადგომის უფლება, რაც საზოგადოებისათვის მომდევნო დღეს გახდა ცნობილი. ის იყო შეძრწუნებული და განიცდიდა ამ ყველაფერს.
იმ ღამეს გვიან, გონივრულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად ვიყავი სრულიად დაცლილი. მაგრამ ფირზე ასახული პატიმრების განსაცდელი იყო უმძიმესი, ისეთი, რომელსაც ჩემი განსაცდელი ვერ შეედრება და მე ვთვლი, რომ არავითარი უფლება არ გამაჩნია საერთოდ ჩემი მდგომარეობის შესახებ საუბრის, ამიტომ გთხოვთ, სწორედ გამიგოთ, რადგან არავითარ კონკრეტულ რეაქციას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მე და ჩემი თანაგუნდელები ცენტრალურ აპარატში დაუღალავად ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, წინ კიდევ უამრავი იყო გასაკეთებელი, ჩემი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში. მე ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შემძრა და ყველა ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეს, ყველა სიახლეს, რასაც სულით და გულით ვაკეთებდი, ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან წინსვლას დიდი ხაზი გადაუსვა. ყველაფერი გახდა სრულიად უმნიშვნელო.
ყოველთვის ვერიდებოდი პირადად ჩემს შესახებ საუბარს, გადაცემებში მონაწილეობას. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მიმაჩნდა, რომ საზოგადოებას ეს არ მოეწონებოდა ჩემი სამინისტროს მძიმე პროფილიდან გამომდინარე. შესაძლოა, სწორედ ჩემს შესახებ რეალური ინფორმაციის ვაკუუმმა, ესეთ ურთულეს სფეროში მუშაობის პარალელურად, სასურველი ნიადაგი შექმნა ჩემს ირგვლივ ცილისწამების, უამრავი მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბოლო წლების განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა სოცქსელები და ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შენიღბული სახელით სრულიად მარტივი გახდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციამ ისეთ ზღვარს მიაღწია ჩემთვის, რომ ვეღარაფერს ვიჯერებდი. მე მჯეროდა, რომ ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არ შეიძლება უსაფუძვლო ცილისწამება პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანი სიმართლეს სიცრუისაგან ვეღარ არჩევს.
კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებისას მეუბნებოდნენ, რომ ისეთივე ტყუილი იყო, როგორც ჩემზე რომ ამბობდნენ საფლავებს ათხრევინებს პატიმრებსო, ხან ფეხსაცმლის ქუსლებით ცემს და ასე შემდეგ. ამდენმა ტყუილმა და ჭორმა ჩემს შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია და სამწუხაროდ, გამხადა ძალიან ჩაკეტილი. რაც შეეხება ოფიციალურად შემოსულ საჩივრებს, უკლებლივ ყველა საჩივარი, რომელიც სამინისტრომდე მოდიოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ეგზავნებოდა რეაგირებისათვის ვინაიდან ყველა საჩივარი საჭიროებს მოკვლევას და გამოძიებას კომპეტენტური ორგანოების მიერ. ახლა, როდესაც აღარ ვარ საჯარო მოხელე მსურს მოგიყვეთ, რომ მე 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ოჯახმა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამიშვა.
ევროპაში მივიღე საშუალო განათლება, ხოლო ამერიკაში უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში ეკონომიკის განხრით და მაგისტრის წოდება საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. შევეცადე შემერჩია პროფესია, რომელშიც ძლიერი ვიქნებოდი, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და საქართველოს გამოადგებოდა. 15 წელიწადზე მეტი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა და უამრავი სირთულის გადალახვა მომიწია. მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ამერიკაში, შერჩევითი კურსების ფარგლებში არა ერთი კურსი ამირჩევია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მე ვიყავი ძალიან წარჩინებული, მოტივირებული სტუდენტი და მაგისტრატურის შემდგომ ვიყავი ოპტიმიზმითა და წინსვლის დიდი სურვილით გამსჭვალული.
მჯეროდა, რომ ჩემი განათლებით შეუძლებელს შევძლებდი. არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენაზე და ჩემი მშობლები ყოველთვის მომიწოდებდბენ სამშობლოში დაბრუნებისაკენ. საქართველოში ჩამოვედი სოცოცხლით სავსე, განათლებული, ბედნიერი მომავლის იმედით და ვარდების რევოლუციით მოტივირებული. ძალიან მიხაროდა სახლში, მშობლებთან დაბრუნება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც საგარეოში დავიწყე მუშაობა. ჩემი იქ გატარებული პერიოდი, ვფიქრობ, იყო ძალიან ნაყოფიერი და მიხაროდა, რომ ჩემი თავის რეალიზაციის საშუალება მქონდა, ქვეყნის სამსახურში.
ამდენი ხნის განშორებამ ისე ქნა, რომ საქართველოში არ მყავდა სამეგობრო წრე, ნაცნობები, არ ვიცნობდი შიდა სამზარეულოს, ასე ვთქვათ. საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის ჩემი სუსტი წერტილი. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნამდე მასში შემავალ სფეროებში ჩახედული საერთოდ არ ვიყავი, მხოლოდ ზოგადად ვიცოდი, რომ რეფორმა მიმდინარეობდა, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. პატიმრის უფლებების არსებულ მდგომარეობაშიც არ ვიყავი ჩახედული, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე. მხოლოდ ვფიქრობდი, რომ რადგან რეფორმა მიმდინარეობს - ესე იგი ბევრია გასაკეთებელი, შესაბამისად გავერკვევი ყველაფერში და შევუდგები საქმეს, ეტაპობრივად ყველა საკითხის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა კარგად ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას, მაგრამ იმ მწირი ინფორმაციის ფარგლებში, რაც გამაჩნდა. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, უმთავრესი ამოცანა საკადრო პოლიტიკა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ისევე როგორც არასაპატიმრო სასჯელების განვითარება იყო.
მე რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაგვეზიარებინა. ჩემი უმთავრესი მოტივაცია იყო ის, რომ შევძლებდი ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა. 2010 წლის დასაწყისში ჯერ არ იყო ამოქმედებული 3 ახალი დაწესებულება, შესაბამისად საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან მძიმე. ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში არსებობდა უმძიმესი მემკვიდრეობა.
საჭირო იყო გარკვეული რეფორმების გატარება, რაც სხვა რეფორმებს გახდიდა შესაძლებელს და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: 1. თანამშრომელთა კვალიფიკაციის და ცოდნის დონის ამაღლება; 2. ინფრასტრუქტურა და პირობების გაუმჯობესება; 3. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 4. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია; 5. არასაპატიმრო სასჯელაღსრულების განვითარება.
მე მიზანმიმართულად ვიწყებ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე საუბარს, ვინაიდან სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია გარანტირებული ყოფილიყო. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება არის ყველაზე ინსტრუმენტალური. თანამშრომლის მიერ კანონდარღვევა მუდმივი პრობლემა იქნება და მხოლოდ ცალკეული რეაგირება არ მოხსნის პრობლემას, თუ თანამშრომელს არ ვასწავლეთ ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ძველი პირობები და გადატვირთულობა არანაირად არ უწყობდა ხელს თანამშრომელს და არ უქმნიდა მას მუშაობისათვის შესაბამის გარემოს.
ახალი დაწესებულება უამრავ პრობლემას წყვეტს, მათ შორის თანამშრომლისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის თვალსაზრისით. ახალ დაწესებულებაში თანამშრომელს გააჩნია პირობები, რომ იყოს ნაკლებად დაძაბული და იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სისტემაში მუშაობის პრესტიჟულობის ამაღლება, რათა უფრო მომთხოვნი ყოფილიყო თანამშრომელთა შერჩევის წესი და შესაბამისად, უფრო შედეგის მომტანი ყოფილიყო მათი ტრეინინგი.
ამდენი ვაკანსია ქმნიდა სიტუაციას, რომელშიც თანამშრომლებს სტანდარტულის მაგივრად კვირაში მრავალჯერ უწევდათ მორიგეობა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლები დაწესებულებაში ცხოვრობდნენ. ეს ძალიან არასწორი პრაქტიკაა და ვფიქრობ, სერიოზულად მოქმედებს თანამშრომლის ფსიქოლოგიაზე. ამას ისიც ემატება, რომ ხელფასები იყო ძალიან დაბალი. მე შევძელი, რომ მინიმალურად მაინც გამეზეარდა ხელფასი, მაგრამ ეს იყო მიზერი.
რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა საშუალებას იძლეოდა გვეთქვა, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არსებობდა. 2010 წელს ამ კუთხით ვერაფერს გავაკეთებდი, ვინაიდან მაგ დროს ჯერ მხოლოდ ახალი დაწესებულებები იხსნებოდა ნელ-ნელა და არც ბიუჯეტი იძლეოდა ამის საშუალებას. 2011-ში იყო წინგადადგმული ნაბიჯები. მე გამიმართლა, რომ სასწავლო ცენტრში ძალიან სანდო და მონდომებული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.
ეს ცვლილებები იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რთული მუშაობის პროცესის ჯერ მხოლოდ დასაწყისი. 2011-ში მოხერხდა მცირედი ზრდა ბიუჯეტში. ჩვენ დავნერგეთ ტრეინინგის სრულიად ახლებური მეთოდი. ადრე, ტრენინგი იყო ძალიან საბაზისო და სრულიად არასაკმარისი, ვინაიდან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ საერთოდ არ ისწავლებოდა.
მე მოვინახულე რამდენიმე ევროპული სასწავლო ცენტრი და ჩემი თანამშრომლების რჩევების მიხედვით, სავალდებულო გავხადეთ სრულიად ახლებური სამსახურში აყვანის წესი და სრულიად ახლებური მომზადების კურსები. თუ ადრე თანამშრომელს მოვალეობის მოხდის მიზნით ტრენინგზე მორიგეობიდან აგზავნიდნენ და იმ თანამშრომელს მთელი ტრენინგის მანძილზე პრაქტიკულად ეძინა - ამიერიდან ტრენინგი იყო რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი.
თანამშრომლები ბაზაზე რჩებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი იყო, რომ ისინი ამიერიდან კონცენტრაციას შეძლებდნენ მხოლოდ ტრენინგზე. ეტაპ