ცხენის ხორცისა და დაავადებულიკარტოფილის აღმოჩენის შემდეგ სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი მიმდინარეობს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ განუცხადა, სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი პერმანენტულად ხდება, რათა არ მოხდეს დაავადებული პროდუქციის რეალიზაცია.
„მონიტორინგი გრძელდება და მას პერმანენტული სახე აქვს. მონიტორინგი წარმოებს, როგორც ბაზრებში ასევე სასურსათო მაღაზიებში და ყველა იმ ადგილებში სადაც სასურსათო პროდუქციით ვაჭრობა მიმდინარეობს. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის უკან 5 ტონა ცხენის ხორცი დავაკავეთ, მანამდე კიდევ, რამდენიმე შემთხვევა იყო და ქსელიდან ცხენის ხორცი ამოვიღეთ"- აცხადებს ქურდოვანიძე.
მისი განმარტებით, საქართველოში ცხენის ხორცით ვაჭრობა აკრძალული არ არის, უბრალოდ აღნიშნული შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომხმარებელს და ასევე, ცხენი უნდა იყოს სპეციალიზირებულ სასაკლაოზე დაკლული და უნდა იყოს შემოწმებული.
„ცხენის ხორცის რეალიზაცია კანონმდებლობით აკრძალული არ არის, უბრალოდ მას უნდა ეწეროს, რომ ცხენის ხორცია და მომხმარებელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ასევე, ეს ცხენი დაკლული უნდა იყოს სასაკლაოზე და იყოს მასზე ჩატარებული აცრები, რადგანაც ცხენს აქვს ისეთი დაავადებები რაც ადამიანზე გადადის და საშიშია.
საქართველოში დღეს ცხენს არავინ არ კლავს თუ ის არ არის ჯაგლაგი, ავადმყოფი, დამხვრჩვალი ან მოპარული. ყველა შემთხვევაში ცხენს შესაბამისი საბუთი არ გააჩნია. აქ არის დიდი რისკი იმისა, რომ ცხენის ხორცი არის დაავადებული. ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ როდესაც ჩვენ ერთ-ერთი მოქალაქის ოჯახიდან ხორცი იყო დაავადებული. 5 ტონა ცხენის ხორცის ამოღების შემდეგ იყო ერთი შემთხვევა, თუმცა არა ბაზარში, როდესაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებული ცხენის ხორცი ამოიღო. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარშიც აპარებდნენ. სამწუხაროდ ცხენისა და ძროხის ხორცის გარჩევა თვით ვეტერინარსაც კი უჭირს თუ ძვალი არ ნახა"- აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქურდოვანიძემ.
მისი განმარტებით, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა 300-დან 1000- ლარამდე მერყეობს.