,, თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ დამ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილემ ოლეგ ბიჭიაშვილმა. აზერბაიჯანის მრიდან სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრები. სხდომის დღის წესრიგში 7 საკითხი იყო, მათ შორის, მონაწილეთა შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის 2013 წლის ბიუჯეტი. ორი ქვეყნის მინისტრების ინფორმაციით, ის 175 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არის მიმდინარე, სამუშაო საკითხები, როგორიცაა რელიეფით გამოწვეული მცირეოდენი ცვლილებები პროექტში. ასევე სხდომაზე განიხილეს ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის საკითხიც, სადაც ასევე გარკვეული ცვლილებებია, თუმცა, შეფერხებას ადგილი არ აქვს. „როგორც კი კლიმატური პირობები საშუალებას მოგვცემს, მუშაობის მაღალი ტემპით განახლებისთვის ვემზადებით. წლის ბოლომდე თურქეთის საზღვრამდე ძირითადი სამუშაოების დასრულება შესაძლებელია. სხვა საკითხებიც განიხილება, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო თავისი მიმართულებით მუშაობს. ამასთან, მიწის ნაკვეთების საკითხები ირკვევა," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, ამ მშენებლობის მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა თებერვლის მეორე ნახევარში თურქეთში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები