,,პროკურატუტურა დეპუტატების დასაკითხად პარლამენტი თავად მივა", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირების და აღნიშნა, რომ პროკურატურა კანონით დადგენილი წესებით მოქმედებს.
" თუ ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები თავს არიდებენ დაკითხვაზე მოსვლას, პროკურატურა ვერ დაიწყებს პაექრობას და აქედან გამომდინარე, თავად მივა დასაკითხად პარლამენტში", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ იგი თავდად მოვითხოვს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მისვლას. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
ხიდაშელის განმარტებით, უნდა დადგინდეს აფარებდა თუ არა ხელს გიორგი ღვინიაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელებს.
"ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაზე მეტად ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში. ჩვენ მთავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ მთავარი ჯგუფიდან იყო გიორგი ღვინიაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვას აღარ ვეხები", - განაცხადა ხიდაშელმა.
დეპუტატის თქმით, მას პრეტენზია აქვს პროკურატურასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ღვინიშვილი ამ დრომდე არ დაკითხულა.
"რაც უფრო დიდი ხანი არ დაკითხავს პროკურატურა მას, მით უფრო დიდი პრეტენზია მექნება და ხვალ და ზეგ, მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას. ", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ის არ არის წინააღმდეგი, ღვინიაშვილი პარლამენტშიც, რომ დაიკითხოს.
"ისე როგორც მივიდნენ გიგი უგულავასთან, ასევე მოვლენ დიდი იმედი მაქვს, გიორგი ღვინიაშვილთან", - აღნიშნა დეპუტატმა.