დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფომრაციით, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა H1N1 ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია და ვირუსი ზოგს შეიძლება გაურთულდეს, ზოგმა მარტივად გადაიტანოს.
,,ვინმეს უნახავს ზამთარი გრიპის გარეშე. ჩემთვის არ არსებობს ღორის გრიპი, დღეს ვისაც გრიპი აქვს, ყველას ე. წ. H1N1 ვირუსი აქვს. ქვეყანაში არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. H1N1 ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, რომელიც საქართველოში 2009-წლიდან დადის, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? უბრალოდ ზოგს შეიძლება გაურთულდეს, ზოგმა მარტივად გადაიტანოს", _განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა იმნაძემ და მოსახლეობას მოუწოდა რომ სუნთქვის გართულების შემთხვევაში საავადმყოფოებს მიმართონ.
"ადამიანებს, რომელთაც სუნთქვის პრობლემები შექმნებათ, ექნებათ ქოშინი, ბავშვებს შესაძლოა ტუჩები გაულურჯდეთ ექიმს დროულად მიმართონ, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაურთულდეთ და პლევმონიაში არ გადაეზარდოთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს H1N1 ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.