თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
ხიდაშელის განმარტებით, უნდა დადგინდეს აფარებდა თუ არა ხელს გიორგი ღვინიაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელებს.
"ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაზე მეტად ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში. ჩვენ მთავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ მთავარი ჯგუფიდან იყო გიორგი ღვინიაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვას აღარ ვეხები", - განაცხადა ხიდაშელმა.
დეპუტატის თქმით, მას პრეტენზია აქვს პროკურატურასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ღვინიშვილი ამ დრომდე არ დაკითხულა.
"რაც უფრო დიდი ხანი არ დაკითხავს პროკურატურა მას, მით უფრო დიდი პრეტენზია მექნება და ხვალ და ზეგ, მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას. ", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ის არ არის წინააღმდეგი, ღვინიაშვილი პარლამენტშიც, რომ დაიკითხოს.
"ისე როგორც მივიდნენ გიგი უგულავასთან, ასევე მოვლენ დიდი იმედი მაქვს, გიორგი ღვინიაშვილთან", - აღნიშნა დეპუტატმა.